საქართველოში კოვიდ-გარდაცვლილთა “გაახალგაზრდავება” გრძელდება
08/05/2020 10:40:26 საზოგადოება
საქართველოში COVID-19-ისგან გარდაცვლილთა “გაახალგაზრდავება” გრძელდება. ამ ტენდენციას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაუსვა ხაზი. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების დროიდან რიგით მეათე პაციენტი – ყველაზე ახალგაზრდა ამ დრომდე დაღუპულებს შორის.
როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, გარდაცვლილ 45 წლის ქალს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
რაც შეეხება გარდაცვალების წინა შემთხვევებს, პირველი 4 აპრილს დაფიქსირდა – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიღუპა 79 წლის ქალი მძიმე თანმდევი დაავადებებით; მეორე დღეს – 5 აპრილს იმავე კლინიკაში გარდაიცვალა 81 წლის ქალი; ორ დღეში – 7 აპრილს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 86 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა; 18 აპრილს ბათუმის კლინიკა “მედალფაში” დაიღუპა 70 წლის ქალი; 22 აპრილს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა 68 წლის მამაკაცი; 26 აპრილს და შემდეგ 1 მაისს იმავე კლინიკაში 83 წლის მამაკაცები დაიღუპნენ, 2 მაისს – 72 წლის ქალი, 3 მაისს – 58 წლის ქალბატონი.
95 წლის ქალია დაღუპული 26 აპრილს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, სადაც ეს ამ ეტაპზე COVID-19-ისგან გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევაა.


