TDI: 2012-2016 წლებში მუსლიმთა უფლებების მასშტაბურ დარღვევაზე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია

07-05-2020 13:50:31 მულტიკულტურული საქართველო

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობის და უფლებების დარღვევის რვა მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა. აქედან შვიდ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ზოგ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.

მუსლიმების წინააღმდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანების და/ან ხელისუფლების დაპირისპირების ძირითად მიზეზად იქცა ლოცვა, საკულტო ნაგებობის, რელიგიური სასწავლებლის ფუნქციონირება თუ სხვა ფორმით რელიგიური იდენტობის საჯარო სივრცეში გამოხატვა.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად მუსლიმების წინააღმდეგ არსებული სისტემური ძალადობის აშკარა გამოვლინებებისა, სახელმწიფო არ აღიარებს პრობლემის სიმწვავესა და მასშტაბურობას. მისი კონკრეტული ქმედებები ხშირ შემთხვევაში გათვლილია არა კონფლიქტის სიღრმისეულ გააზრებაზე, შესაბამის რეაგირებასა და პრევენციაზე, არამედ ორიენტირებულია მხოლოდ მათ ზედაპირულ მოგვარებაზე.

სამთაწყაროში, ნიგვზიანში, წინწყაროში, ქობულეთში, ადიგენში უხეშად დაირღვა მუსლიმი მოქალაქეების კანონით გარანტირებული უფლებები, თუმცა არცერთ შემთხვევაში სახელმწიფოს არ ჰქონია ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირება. საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მასალებიდან ჩანს, რომ ნიგვზიანში ადგილი ჰქონდა რელიგიური წესის აღსულებისთვის ხელის შეშლას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა სამთაწყაროსა და წინწყაროში, სადაც პრობლემები მწვავდებოდა და ხანგრძლივდებოდა. არცერთ შემთხვევაში პოლიციამ არ უზრუნველყო მორწმუნეების უსაფრთხოების დაცვა და იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლს ასრულებდა.

როდესაც ქობულეთში შეილახა მოსწავლეებისა და პანსიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლების საკუთრების უფლება და გადაადგილების თავისუფლება, პოლიციამ თავისი უმოქმედობით ფაქტობრივად წაახალისა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიერ მუსლიმების განგრძობითი დისკრიმინაცია.

ციხისძირის, ჭელასა და მოხეს შემთხვევაში გამოვლინდა უშუალოდ სამართალდამცავების მხრიდან მუსლიმების უფლებების უხეში დარღვევისა და სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ მოხეში საჯარო მოხელეები მუსლიმების მიმართ აქტიურად იყენებდნენ სიძულვილის ენას.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოხეში საპოლიციო ძალის გადამეტებისა და უკანონო დაპატიმრებების თაობაზე მთავარი პროკურორის მიერ განხორციელებულ გამოძიებას. ECRI მიიჩნევს, რომ კონფლიქტების განმეორება გამოწვეულია სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებით. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარყოფითი როლი შეასრულა კონფლიქტის მოგვარებაში და რამდენიმე საქმეში მხარი დაუჭირა ძალადობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

TDI-ის დასკვნით, აღნიშნული საქმეებიდან ჩანს, რომ მიმდინარე გამოძიების პროცესები არ აკმაყოფილებს გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. მუსლიმებს, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, არ მინიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი, რაც გამოძიების პროცესზე მონიტორინგს შეუძლებელს ხდის და საბოლოოდ, მუსლიმებს უზღუდავს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში (ნიგვზიანის, წინწყაროს, სამთაწყაროს, ჭელას საქმეები) შექმნილი კონფლიქტური ვითარების მოგვარება ხელისუფლებამ საქართველოს საპატრიარქოს მიანდო და ის, ფაქტობრივად, რელიგიურ საკითხებში არაფორმალურ არბიტრად აღიარა. თვითონ კი უარი თქვა საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულებასა და მოქალაქეების რელიგიის თავისუფლების დაცვაზე

Новости

Другие новости