Accentnews.ge
სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება და ფინანსები – ანგარიში

სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება და ფინანსები – ანგარიში

07/05/2020 07:35:24 პოლიტიკა, საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) საქართველოში რელიგიის თავისუფლებაზე ვრცელი ანგარიში მოამზადა.

ანგარიშში შეფასებულია 2010-2019 წლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის პრობლემატიკა და ტენდენციები. ასევე წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები. სხვა საკითხებთან ერთად, განხილულია:

o სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრობლემა;

o რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატი და როლი;

o რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიები;

o რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები და დისკრიმინაციული კანონმდებლობა;

o საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებები;

o რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულები და სახელმწიფოს რეაგირება;

o საკუთრებასთან, რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები;

o საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევისა და დისკრიმინაციის პრობლემა.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი სისტემური ხასიათისაა.

„სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო. მეორე მხრივ, სახელმწიფო თვითნებურად ერევა რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში“.

ანგარიშის თანახმად, წლების განმავლობაში საპატრიარქოსვის გადაცემული ქონება და საბიუჯეტო დაფინანსება სოლიდურად გამოიყურება.

ცენტრალური საბიუჯეტო დაფინანსება

„საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებაში ყველაზე დიდი წილი ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურ ტრანსფერზე მოდის. 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, რელიგიურმა ორგანიზაციამ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 276,5 მილიონი ლარი მიიღო. 2009 წლიდან 2013-მდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22-დან 27 მილიონამდე მერყეობდა, ხოლო 2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი საპატრიარქოს დაფინანსებისათვის სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს. 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25,535,400 მილიონი ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული“,– ვკითხულობთ ანგარიშში.

მთავრობის მიერ გადაცემული თანხა და უძრავ-მოძრავი ქონება

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 900 ათასამდე ლარი გამოიყო 84.

2016-2018 წლებში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს გამოეყო 1 379 700 ლარი სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციის, აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით.

2019 წლის მონაცემები საქართველოს მთავრობის კანცელარიამ TDI–ს არ მიაწოდა.

2015 წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ჯამში გამოეყოთ 1,590,000 ლარი.

2014 წელს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო ცენტრების რელიგიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ჯამში 1,542,000 ლარი გამოეყო.

2013 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პატრიარქის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით 270,000 ლარი დაიხარჯა. გარდა ფულადი დახმარებისა, საქართველოს მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემს სხვადასხვა სახის მატერიალურ სიკეთეს: ავტომობილებს, ავტობუსებსა და სხვა ნივთებს. უმრავლეს შემთხვევაში, გადაცემული ქონების ღირებულება არ არის შეფასებული85. მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსგან საკუთრებისა და სარგებლობის ფორმით ყოველწლიურად იღებს ათეულობით უძრავ ქონებას. საპატრიარქოს სიმბოლური ერთი ლარის გადახდის სანაცვლოდ, ან სრულიად უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა არა მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთები და სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონება.

2018 წელს საპატრიარქოს გადაეცა 22 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 420,102 კვ.მ, მათ შორის 300,245 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო და 119,857 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 2,750.35 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობები.

2017 წელს გადაეცა 21 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 87,984 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 031.8 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობები.

2016 წელს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა 20 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 287,222 კვმ, მათ შორის, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით – 282,550 კვმ, ხოლო სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ან აღნაგობის ფორმით) – 4,672 კვმ. ასევე, მოძრავი ქონების სახით მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა – ტრაქტორი და 10,000 ტუფის ქვა.

2015 წელს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრების უფლებით გადაეცა 21 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 568,060 კვმ. 2014 წელს საქართველოს საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრების უფლებით გადაეცა 27 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 345,454.83 კვმ. რაც შეეხება სარგებლობა/უზუფრუქტით გადაცემულ ქონებას, საპატრიარქოს 2015 წელს გადაეცა ერთი უძრავი ნივთი, საერთო ფართობით 11,810.00 კვმ, ხოლო 2014 წელს – უძრავი ნივთი საერთო ფართობით, 2,207 კვმ.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსება

ანგარიშის მიხედვით, 2017, 2018 და 2019 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სასულიერო აკადემიისთვის, ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში თანხა გათვალისწინებული არ არის.

2016 წელს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოიყო 40,000 ლარი. აქედან 35,000 ლარით დაფინანსდა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ დაგეგმილი პროექტი „ქალები ქრისტიანული საქართველოს ისტორიაში“, ხოლო 5000 ლარი გამოიყო ილია II-ის აღსაყდრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ტირაჟირებისა და საქართველოსა თუ უცხოეთში არსებულ ქართულ სათვისტომოებში მისი გავრცელებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით.

2015 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს ფულადი სახსრები არ გაუცია.

2014 წელს საქართველოს საპატრიარქოს იურიდიულ პირებსა და მის ბენეფიციარებს გადაეცა 108,000 ლარი. თანხა ძირითადად სოციალური პროექტებისთვის იყო განკუთვნილი.

2013 წელს სარეზერვო ფონდიდან ფოთის საკათედრო ტაძრისთვის გაიცა 339,500 ლარი. დაფინანსება მოიცავდა როგორც მშენებლობისთვის საჭირო თანხას, ასევე ფარავდა ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებული სადღესასწაულო მსახურების, საინფორმაციო-სარეკლამო რგოლის დამზადების, ტელეეთერში განთავსებისა და დაგეგმილ ღონისძიებაზე მგზავრთა ტრანსპორტირების ხარჯებს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ანალიზი აჩვენებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების შემდეგ, ეკლესიისთვის ფონდიდან გაცემულმა თანხის ოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მაგალითად, 2007-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მართლმადიდებელ ეკლესიას მთლიანობაში 10,806,207 ლარი გადაეცა, აქედან ყველაზე დიდი ოდენობის თანხა – 5,484,800 ლარი, 2008 წელს გამოიყო.

მუნიციპალური დაფინანსება და ქონების გადაცემა

ანგარიშში ნათქვამია, რომ "საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს":

2013-2019 წლის მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოიყო, სხვა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება უმნიშვნელოა.

2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გეგმის მიხედვით, 40 მუნიციპალიტეტმა რეგიონებში საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესიებს, სასულიერო პირებს, ეპარქიებს თუ იურიდიულ პირებს გადასცა 3,269,400 ლარი. დამატებით, თბილისის ათმა მუნიციპალიტეტმა საქართველოს საპატრიარქოს გადასცა 1,561,158 ლარი.

2018 წელს 40 მუნიციპალიტეტმა რეგიონებში საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესიებს, სასულიერო პირებს, ეპარქიებს თუ იურიდიულ პირებს გადასცა 2,753 600, თბილისის მუნიციპალიტეტებში კი მართლმადიდებელ ეკლესიებს გამოეყო 1,291,084 ლარი.

2017 წელს რეგიონებში მართლმადიდებელ ეკლესიას თვითმმართველმა ორგანოებმა გამოუყვეს 2,145,350 ლარი, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტებმა – 1,240,885 ლარი.

2016 წელს 51-მა მუნიციპალიტეტმა რეგიონებში და თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესიებს, სასულიერო პირებს, ეპარქიებს თუ იურიდიულ პირებს გადასცა 4,423,615 ლარი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რეგიონებში – 3,105,007 ლარი, თბილისის რაიონული გამგეობები – 1,318,608 ლარი).

2015 წელს 48 მუნიციპალიტეტმა რეგიონებში და თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესიებს, სასულიერო პირებს, ეპარქიებს თუ იურიდიულ პირებს გადასცა 3,966,590 ლარი (რეგიონული მუნიციპალიტეტები – 2,364,829 ლარი, თბილისის რაიონული გამგეობები – 1,601,761 ლარი).

2014 წელს 40-მა მუნიციპალიტეტმა რეგიონებში და თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ მართლმადიდებელ ეკლესიას გამოუყო 4,738,539 ლარი (რეგიონული მუნიციპალიტეტები – 2,967,578 ლარი, თბილისის რაიონული გამგეობები – 1,770,961 ლარი).

2013 წელს მართლმადიდებელი ეკლესიებისა და ეპარქიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა მთლიანობაში 3,864,871 ლარს შეადგენს, აქედან თბილისის რაიონულმა გამგეობებმა გამოყვეს 2,198,336 ლარი, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობებმა რეგიონებში – 1,666,534 ლარი. გარდა ფულადი სახსრებისა, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობისგან იღებს უძრავ ქონებასაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S