ილია მეორე – პანდემიაზე: "ეს არის გაფრთხილება"
06/05/2020 09:34:38 საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსის პირობებში მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "ეს გაფრთხილებაა".
„მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. აი, მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები, დაკეტილია მონასტრები და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ. დიდება და მადლობა უფალს, მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს.
ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი. ყოველდღე უნდა ასხუროთ სახლსა და კარმიდამოს, ეს დიდ ძალას ფლობს. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი “, - განაცხადა ილია მეორემ.


