ტრამპი Covid-19-ის წარმომავლობის შესახებ მოხსენების გამოქვეყნებას გეგმავს
05/05/2020 17:58:13 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Covid-19-ის წარმომავლობის შესახებ მოხსენების გამოქვეყნებას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადა, თუმცა მოხსენების წარდგენის დრო არ დაუკონკრეტებია.
აშშ–ის ხელისუფლებაში Covid-19-ის წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. დონალდ ტრამპის თქმით, მას აქვს ნანახი მტკიცებულებები, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის უხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა. მსგავსი პოზიცია აქვს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსაც. თუმცა მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, მეცნიერების თანხმდებიან, რომ კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი არაა. გარდა ამისა, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩიც აცხადებს, რომ "Covid-19 ჩინეთის ლაბორატორიაში არ შექმნილა".
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 248 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 560 000–ს გადააჭარბა, 1 158 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


