Facebook-მა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ანგარიშებიც გააუქმა
05/05/2020 17:41:54 საზოგადოება
Facebook-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანიამ დაბლოკა PR-კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო "ეSპერსონა" და მასთან დაკავშირებული ანგარიშები. ამასთან, კომპანიის ცნობით, გაუქმებულია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ანგარიშებიც. ორივე შემთხვევაში Facebook მიზეზად "არაავთენტურ ქცევას" ასახელებს.
კომპანიის განცხადებით, წაშლილია "ეSპერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით კი – 23 ფეისბუქანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 Instagram-ანგარიში.
"ისინი ხშირად პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები და კანდიდატები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტიის კრიტიკა და ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვა. ამ გვერდების დიდი ნაწილი 2018 წლამდე აქტიური არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობის უკან მდგარი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა, ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი ქართულ პოლიტიკურ პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა", – ნათქვამია Facebook–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


