„სამწუხაროდ, მედპერსონალის უმეტესობა დაინფიცირებულია საყოფაცხოვრებო პირობებში და არა პაციენტებთან ურთიერთობისას“
05/05/2020 15:51:48 საზოგადოება
„სამწუხაროდ, საქართველოში მედპერსონალის უმეტესობა დაინფიცირებულია საყოფაცხოვრებო პირობებში და არა პაციენტებთან ურთიერთობისას“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მედპერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 12,7%–ია:
„ეს არ არის გასაკვირი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისინი სპეცაღჭურვილობით მუშაობენ, მათი დაინფიცირების რისკი ყოველთვის არის. მოგეხსენებათ რომ მედიცინაში 100%–იანი არაფერია. მე არაერთხელ მოვუწოდე ჩემს კოლეგებს, რომ ყოველდღიურად გაეცნონ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით შეასრულონ ისინი“.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში არსებობს მედიკოსების დეფიციტი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე მედპერსონალის დაცვა:
„კადრის დეფიციტი არსებობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საფრთხილოა კრიტიკულად აუცილებელი მედპერსონალის, მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე მედპერსონალი, დაცვა. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ე.წ. 2–კვირიანი შესვენებებით მუშაობის სტრატეგია. გარდა ამისა, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მედიკოსების გადამზადება. რაც შეეხება მათი დაინფიცირების ადგილს, სამწუხაროდ, ჩვენი მედპერსონალის უმეტესობა დაინფიცირებულია საყოფაცხოვრებო პირობების დროს და არა სამუშაოს შესრულებისას. მეტად აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ისევ და ისევ შესვენების დროს, საყოფაცხოვრებო პირობებში და არა პაციენტებთან ურთიერთობისას“, – განაცხადა გამყრელიძემ.


