გერმანიამ რუსეთის აგენტი ძებნაში გამოაცხადა
05/05/2020 11:33:25 მსოფლიო
გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა ქვეყნის ბუნდესტაგზე ჰაკერულ შეტევასთან დაკავშირებით რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი ძებნაში გამოაცხადა, - იუწყება გამოცემა Zeitung.
შეტევა 2015 წლის გაზაფხულზე იყო ორგანიზებული, შედეგად მიღებული მონაცემები კი საბოლოოდ საიტ Wikileaks-ზე გამოქვეყნდა. ეჭვმიტანილი 29 წლის დიმიტრი ბადინია.
აშშ-ის ხელისუფლება მას მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერებზე ჰაკერულ შეტევებში სდებს ბრალს. სავარაუდოდ, იგი #26165 საჯარისო ნაწილში მსახურობს, რომლის შტაბი მოსკოვში, კომსომოლსკის გამზირზე მდებარეობს. იგი იმითაა ცნობილი, რომ მასში მსახურობენ კრიპტოგრაფები და კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტები. საბჭოთა დროს ეს საჯარისო ნაწილი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-6 განყოფილებისთვის ხელთ ჩაგდებული ცნობების დეშიფრირებითა და დეკოდირებით იყო დაკავებული. პროკურატურა ბადინს ჰაკერულ დაჯგუფება Fancу Bear-ს უკავშირებს, - წერს Süddeutsche Zeitung.
გაზეთის მტკიცებით, გერმანულმა სპეცსამსახურებმა კიდევ ერთი ჰაკერის ვინაობა დაადგინეს, რომელსაც კავშირი აქვს ბუნდესტაგზე თავდასხმასთან, თუმცა ჯერ ვერ მოხერხდა საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება მისი დაკავების ორდერის გასაცემად. ამ პირის ვინაობა არ საჯაროვდება.
• ბუნდესტაგზე ჰაკერული თავდასხმა 2015 წლის 30 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა. შედეგად ბოროტმოქმედებმა მიიღეს წვდომა სულ მცირე, 16 გიგაბაიტ მონაცემებზე, მათ შორის – გერმანული პარლამენტის დეპუტატების მიმოწერის მასშტაბურ არქივზე.
• აშშ-ის დემოკრატიული პარტიისა და WADA-ს მიმოწერა ასევე აღმოჩნდა Wikileaks-ზე. საიტის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ამჟამად ლონდონში იმყოფება და აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო პროცესს ელის. ამერიკის ხელისუფლება მისთვის 17 ბრალდების წარდგენას გეგმავს ჯაშუშობის შესახებ კანონის საფუძველზე და ერთის - “ათასობით საიდუმლო დიპლომატიური და სამხედრო დოკუმენტის მოპარვის მიზნით ჰაკერული თავდასხმის ორგანიზებისთვის შეთქმულების” მუხლით.
• კრემლი და რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება ჰაკერულ თავდასხმებთან კავშირს ტრადიციულად უარყოფენ.


