"რემდესივირს" საქართველოში მაისის ბოლოსთვის ელოდებიან
05/05/2020 11:02:45 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პრეპარატი "რემდესივირი" ქვეყანაში, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ჩამოვა.
"ვფიქრობ, ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. მგონია, რომ მაისის ბოლოსკენ ფიზიკურად, პრეპარატი ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. უფრო დეტალურად, ამ ყველაფერს შემდეგ კვირას განვიხილავ, რადგან ზუსტად გვეცოდინება როდის ჩამოვა პრეპარატი საქართველოში,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2"–ის ეთერში.
COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა, პრეპარატი "რემდესივირი" გამოცხადდეს. ამის შესახებ 29 აპრილს აშშ-ის ალერგიული და ვირუსული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „გილეადის“ მიერ თავის დროზე „ებოლას“ წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი "რემდესივირი" 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.


