იანუკოვიჩს დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
05/05/2020 09:47:12 მსოფლიო
უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
პეჩორის რაიონულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მიიღო. დაპატიმრება ხელისუფლების უზურპაციის შესახებ საქმის ფარგლებში დადგინდა, - იუწყება სააგენტო "УНИАН” საქმის პროკურორ ალექსანდრე სუპრუნზე დაყრდნობით.
პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ იანუკოვიჩი მართლმსაჯულებას რუსეთის ტერიტორიაზე ემალება. იანუკოვიჩის ადვოკატი ვიტალი სერდიუკი აცხადებს, რომ სასამართლოს ამ დადგენილებას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
აღსანიშნავია, რომ პეჩორის რაიონულ სასამართლოში იანუკოვიჩის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ კიდევ ერთი საქმე განიხილება – ამჯერად საუბარია 2014 წლის 18-20 თებერვლის მოვლენებზე, როცა კიევში ევრომაიდანის დაწყების დროიდან ყველაზე მასშტაბური შეტაკებები ხდებოდა მომიტინგეებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის. პრეზიდენტი იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა, კიევში ხელისუფლება შეიცვალა. მალევე რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კი მრავალწლიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც, ნატო-ს არაოფიციალური განსაზღვრებით, რუსეთი აგრესორად გვევლინება.


