BBC - ახლო აღმოსავლეთში Covid-19-ის გავრცელებას ირანულმა ავიაკომპანიამ Mahan Air შეუწყო ხელი
05/05/2020 09:46:06 მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში Covid-19-ის გავრცელებას ირანულმა ავიაკომპანიამ Mahan Air შეუწყო ხელი, - იუწყება BBC.
მისივე ცნობით, გამოცემამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ Mahan Air–მა ინფიცირებული მგზავრები ირანიდან ლიბანში, ერაყში და ევროპაში გადაიყვანა. ამასთან, აკრძალვის მიუხედავად, კომპანიას არ შეუწყვეტია ფრენები ჩინეთიდან.
როგორც BBC იუწყება, თეირანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ჩინეთიდან ფრენებს 31 იანვრიდან წყვეტდა, თუმცა ხსენებულმა კომპანიამ ჩინეთიდან რეისები მარტშიც განახორციელა.
"ავიაკომპანიამ გააჩუმა ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ცდილობდნენ, ხმამაღლა გამოეხატათ შეშფოთება ვირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე და დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობაზე", – წერს BBC.
გამოცემის ცნობით, Mahan Air "ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან" დაკავშირებული ავიაკომპანიაა.


