საფრანგეთში COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევა ჯერ კიდევ 27 დეკემბერს დაფიქსირდა
05/05/2020 06:03:16 მსოფლიო
საფრანგეთში COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევა ჯერ კიდევ 27 დეკემბერს დაფიქსირდა, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, ქვეყანაში მდებარე ჟინ ვერდიერის სახელობის საავადმყოფოში პნევმონიით დაავადებული ძველი პაციენტების ნიმუშები ხელახლა გატესტეს და დაადგინეს, რომ 27 დეკემბერს პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში ჰოსპიტალიზებულ ერთ–ერთ პირს COVID-19 ჰქონდა.
"24 პაციენტიდან ერთ-ერთს Covid-19-ზე დადებითი პასუხი ჰქონდა. ნიმუშები რამდენჯერმე PCR ტესტების მეშვეობით გაიტესტა, რათა პროცესში რაიმე შეცდომა არ ყოფილიყო დაშვებული", - განაცხადა საავადმყოფოს მთავარმა რეანიმატოლოგმა ივ კოენმა.
მისივე თქმით, ჯერ–ჯერობით ნაადრევია იმის თქმა, იყო თუ არა ხსენებული პაციენტი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ადამიანი. როგორც რეანიმატოლოგი აცხადებს, პაციენტი ცოცხალია და ამჟამად მისი წყაროების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
დღემდე არსებული ინფორმაციით, ითვლებოდა, რომ საფრანგეთში ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 24 იანვარს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში Covid-19-მა 25 201 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 169 462, გამოჯანმრთელებულია 45 815.


