ირანსა და ავღანეთს შორის დიპლომატიური კონფლიქტი მწიფდება
04/05/2020 20:20:03 მსოფლიო
ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა ირანელი მესაზღვრეები მიგრანტების წამებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, აცხადებენ, რომ გასულ კვირას ავღანეთიდან ირანში უკანონოდ 70 მიგრანტი გადავიდა, სადაც ისინი მესაზღვრეებმა სცემეს, აწამეს და შემდეგ მდინარეში შესვლა აიძულეს.
რომელიც ირანის საზღვართან მდებარე პროვინცია ჰერატის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მდინარე ჰარირუდში, რომელიც ორივე ქვეყანაში მოედინება,12 გვამი იპოვეს და კვლავ დაკარგულია ათობით მიგრანტი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აბას მუსავიმ განაცხადა, რომ "ინციდენტი" ავღანეთის ტერიტორიაზე მოხდა.
ავღანეთის ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანის მესაზღვრეები, რომლებიც 920-კილომეტრის სიგრძის საზღვარს იცავენ, ავღანელებს აწამებენ და ხოცავენ.
ინციდენტმა შესაძლოა, ირანსა და ავღანეთს შორის დიპლომატიური კონფლიქტი გამოიწვიოს იმ პერიოდში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ავღანელი მიგრანტები მასობრივად ბრუნდებიან ირანიდან ავღანეთში. ირანი კორონავირუსით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.


