როდის განაახლებენ ღია რესტორნები და სილამაზის სალონები მუშაობას – მეზვრიშვილის განმარტება
04/05/2020 17:47:32 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შეიძლება, ღია რესტორნების ნაწილის გახსნამ გარკვეული ვადით გადმოიწიოს, სილამაზის სალონები კი უფრო მეტად რისკის შემცველია და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტების რჩევებზე დაყრდნობით ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. შეზღუდვების ხანგრძლივი ვადით არსებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის, გვესმის, ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ როგორც კი სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, შეზღუდვები გაცილებით ადრე რისკების მართვით, თანმიმდევრუდალ მოვხსნათ. შეიძლება, ღია რესტორნების ნაწილის გახსნა გარკვეული ვადით გადმოიწიოს, სილამაზის სალონები უფრო მეტად რისკის შემცველია და ყველაფერზე მსჯელობა მიმდინარეობს. იქ, სადაც შესაბამისი წესების დაცვის შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საქმიანობას განვიხილავთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისიდან სამშენებლო ბიზნესი სამუშაო პროცესს აღადგენს. გარდა ამისა, მუშაობის განახლების უფლება აქვთ ავტოსახელოსნოებს და ავტოსამრეცხაოებს.
5 მაისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება ბათუმსა და ქუთაისში. მანამდე მოუხსნა საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა, ონლაინ ვაჭრობა ნებადართული გახდა და ეტაპოვრივად იწყებენ ფუნქციონირებას აგრარული ბაზრები.


