ლონდონი: მოსკოვთან დაკავშირებული ჰაკერები COVID-19-ის ირგვლივ კვლევების მონაცემებზე ნადირობენ
04/05/2020 13:58:28 მსოფლიო
კიბერუსაფრთხოების სფეროს ბირატანელმა ექსპერტებმა გაავრცელეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ “მტრული სახელმწიფოები” ჰაკერული შეტევების მეშვეობით ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევების მონაცემების ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ამის შესახებ გამოცემა “The Guardian” წერს და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების დასკვნები მოჰყავს, რომლის თანახმად, შეტევების რაოდენობა გაზრდილია, მათ უკან კი რუსეთისა და ირანის, ასევე სავარაუდოდ, ჩინეთის ხელმძღვანელობა დგას.
COVID-19-თან დაკავშირებულ კვლევებში ამ დროისთვის ათობით უნივერსიტეტი და საამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია ჩართული. ამ მომენტისთვის არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჰაკერებმა რომელიმე ამ სტრუქტურის კომპიუტერებში შეღწევა მოახერხეს, - აღნიშნავენ ექსპერტები.
ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობის კუთხით სადღეისოდ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და უკვე დიდი ხანია, დაწყებული აქვს ცდები მოხალისეებზე, აცხადებს, რომ კვლევების დასაცავად მჭიდროდ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მსოფლიოს მასშტაბით ათობით ლაბორატორია მუშაობს. პერსპექტიული პრეპარატების სიაში ჯანმო-მ რუსეთის წინადადებებიც შეიტანა. მოსკოვს ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებული ბრალდებების თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ადრე კი რუსეთის ხელისუფლება ანალოგიურ ბრალდებებს უარყოფდა.


