ანგარიში: „ხელისუფლებამ ვერ გაბედა რწმენის თავისუფლების დროებით შეზღუდვა პანდემიის თავიდან ასაცილებლად“
04/05/2020 11:11:05 საზოგადოება
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ანგარიში მოამზადა. ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ გამოჩენილი ლოიალობას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის არსებული განსაკუთრებული საფრთხის მიუხედავად, პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისგან თავშეკავებას.
„ხელისუფლებამ ეკლესიასთან კონფრონტაციის თავის ასარიდებლად, რელიგიის თავისუფლებაში ლეგიტიმური ჩარევისა და კონსტიტუციის მე-18 მუხლიდან გამომდინარე, პროპორციული აკრძალვების დაწესების ნაცვლად, ამჯობინა, მთელ ქვეყანაში გაემკაცრებინა ზომები მორწმუნეთათვის, რაც ძირითადად, ორ ეტაპად განახორციელა. მოახლოებული ქრისტიანული დღესასწაულების - ხარების, ბზობისა და აღდგომის კვალდაკვალ, რა დროსაც ადამიანთა თავშეყრისას განსაკუთრებით იზრდებოდა ფიზიკური დისტანციის დაუცველობის რისკები, ხელისუფლებამ ვერ გაბედა რწმენის თავისუფლების (გარეგანი თავისუფლების ნაწილი) დროებით შეზღუდვა პანდემიის თავიდან ასაცილებლად. ამის ნაცვლად აუცილებელი გახდა კომენდანტის საათის რეჟიმისა და სატრანსპორტო გადაადგილების დაწესება, რათა ტაძარში შეკრების მსურველ მორწმუნეებზე გავლენა არა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევით, არამედ გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვით მომხდარიყო, რაზეც, თავის მხრივ, არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გაუწევია წინააღმდეგობა [...].
რწმენის თავისუფლების განსაკუთრებული როლის მიუხედავად, მისი გარეგანი ნაწილი (forum externum) არ არის შეუზღუდავი და საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი მის შეზღუდვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, დასაშვებად მიიჩნევს. საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობა და მისი გავლენა ამომრჩეველზე მუდმივად აიძულებდა ყველა დროის ხელისუფლებას გარკვეულ დათმობებზე წასვლას. თუმცა, ამ შემთვევაში, როცა რისკზე მთელი საზოგადოების ჯანმრთელობა იყო, ხელისუფლებას მართებდა განსაკუთრებული გამბედაობა და თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინააღმდეგ არსებული ხილული რისკების მაქსიმალურად შემცირება. შესაბამისად, კრიტიკულად შეიძლება შეფასდეს მოქმედი ხელისუფლების ტაქტიკა, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გაუმართლებლად გართულება გამოიწვია მაშინ, როცა იგივე შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვები ღონისძიებების გამოყენებით“,– ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმაც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ დასაქმებულთა უფლებების გაუმართლებელი სისუსტე საქართველოში არაკრიზისულ პერიოდშიც კრიტიკულად მწვავეა, რაც კრიზისის ფონზე განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის უამრავ დასაქმებულს:
„აუცილებელია შრომის კანონმდებლობის დახვეწისთვის უკვე დაწყებული რეფორმის ბოლომდე მიყვანა და პოსტკრიზისული ეკონომიკის ადამიანის უფლებებზე დაფუძნება“.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ http://hridc.org/a


