ABC News – სამედიცინო ტვირთში, რომელიც რამდენად გამოსადეგი იყო ამ დრომდე უცნობია, რუსეთმა აშშ–ს 659 283 აშშ დოლარი მოსთხოვა
04/05/2020 08:28:35 მსოფლიო
რუსეთმა აშშ-ს გაწეული სამედიცინო დახმარებისთვის 659 283 აშშ დოლარი მოსთხოვა, – იუწყება ABC News.
„რუსეთის მთავრობისგან სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო ინვოისი, რომელშიც გაწეული სამედიცინო დახმარებისთვის 659 283 აშშ დოლარს ითხოვს. მარშრუტიზაციის ინსტრუქციის მიღების შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადაიხდის აღნიშნულ თანხას“, – განუცხადა აშშ–ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) პრეს–სპიკერმა გამოცემას.
როგორც FEMA–ში აცხადებენ, რუსეთიდან გამოგზავნილი ტვირთი შეიცავდა 4000 M-95 ტიპის სამხედრო ნიღაბს, რომელიც პირს იცავს ქიმიური და ბიოლოგიური ნარჩენებისგან და მკვეთრად განსხვავდება N95 ტიპის რესპირატორისგან, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკოსებისთვის Covid-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტისას. ამასთან, აშშ–მა მიიღო 15000 რესპირატორი, 80 000 პაკეტი ანტისეპტიკური ხსნარი, 30 000 ქირურგიული ხელთათმანი და დაახლოებით 400 000 სამედიცინო სპეცტანსაცმელი.
ტვირთი აშშ–ში 1 აპრილს ჩავიდა. როგორც ABC News იუწყება, ტვირთის მიღებიდან ერთი თვის შემდეგაც არ არის ცნობილი „რამდენად გამოსადეგი იყო რუსეთიდან გამოგზავნილი სამედიცინო მასალები, თუმცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუს კოლეგას გაწეული დახმარებისთვის მადლობა მყისიერად გადაუხადა“.


