მედია – აშშ–ის უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის თანახმად, ჩინეთმა დანარჩენ მსოფლიოს COVID-19–ის სიმწვავე განზრახ დაუმალა
04/05/2020 06:38:47 მსოფლიო
აშშ–ის უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის თანახმად, ჩინეთის ხელისუფლებამ დანარჩენ მსოფლიოს COVID-19–ის სიმწვავე განზრახ დაუმალა, – იუწყება CNN უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
1 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთი საფრთხეს ხელოვნურად აკნინებდა, ამავდროუოლად სამედიცინო პროდუქციის იმპორტს ზრდიდა და ექსპორტს ამცირებდა; ცდილობდა, ეს ქმედებები ყველა გზით შეენიღბა და ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას უარყოფდა; ხელოვნურად შეჰქონდა გაუგებრობა და თან აფერხებდა ვაჭრობის შესახებ მონაცემებს; ჩინეთის მმართველები გამიზნულად უმალავდნენ მთელს მსოფლიოს პანდემიის საფრთხეს იანვრის პირველ რიცხვებში.
„ჩინეთმა სამედიცინო მასალების ექსპორტი შეამცირა და ეს მოხდა მანამდე, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოაცხადებდა, რომ COVID-19 გადამდები იყო. კომუნიკაციების დროს ჩინეთი განზრახ მალავდა თავის სავაჭრო საქმიანობას და საჯაროდ უარყოფდა, რომ არასოდეს აუკრძალავს ნიღბებისა და სხვა სამედიცინო მასალების ექსპორტი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პანდემიის გამოცხადებამდე ჩინეთი უკვე იღებდა ზომებს, განესაზღვრა დამცავი აღჭურვილობის მოთხოვნილებები“, – ჰყვება გამოცემასთან უწყების მაღალჩინოსანი.
აღსანიშნავია, რომ ამ მოხსენების შინაარსი იმ მომენტში გახდა ცნობილი, როცა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთის მისამართით კრიტიკა გააძლიერა. კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გასულ კვირას COVID-19-ის გავრცელებაზე პასუხისნგებლობა სწორედ პეკინს დააკისრა და განაცხადა, რომ ჩინეთმა საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.
სხვა ყველაფერთან ერთად, პომპეომ აღნიშნა, რომ “არსებობს მნიშვნელოვანი მოცულობა იმის მტკიცებულებებისა, რომ ახალმა კორონავირუსმა გავრცელება ჩინურ ქალაქ უჰანის ლაბორატორიიდან დაიწყო”. ამავდროულად, მას არ გაუპროტესტებია ამერიკული დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ ვირუსი ადამიანის ჩარევის გარეშე გაჩნდა და არ წარმოადგენს გენური ინჟინერიის პროდუქტს. საუბარი იყო ანალიზზე, რომელიც 30 აპრილს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა წარმოადგინა. "მე ვიცნობ სადაზვერვო თანამეგობრობის მოსაზრებას და არ მაქვს საფუძველი, ამ დასკვებში ეჭვი შევიტანო", - განაცხადა პომპეომ 3 მაისს ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. თუმცა ცოტა ხნით ადრე იგი აცხადებდა, რომ "საუკეთესო ექსპერტები მიდიან დასკვნამდე, რომ ვირუსის გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია" და რომ "მოცემულ მომენტში” მას “არ ჰქონდა საფუძველი, ამ მოსაზრებაში ეჭვი შეეტანა”.
მაიკ პომპეომ ასევე დაადანაშაულა ჩინეთი იმაში, რომ იგი თავის ლაბორატორიებში საერთაშორისო ექსპერტების დაშვებას ბლოკავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას მეორე დღეს ინგლისურენოვანი ჩინური გამოცემა “Global Times” გამოეხმაურა, რომელსაც ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტიის ბეჭდური ორგანო განაგებს. პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ მაიკ პომპეოს ვირუსის უჰანის ლაბორატორიაში გაჩენის მტკიცებულებები არ გააჩნია და იგი უბრალოდ "ვა-ბანკზე მიდის". "ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს უპრეცედენტო პროპაგანდას, მაშინ, როცა თავად ცდილობს, ხელი შეუშალოს გლობალურ ძალისხმევას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში", - წერს ჩინური გამოცემა.
30 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ ვირუსი შესაძლოა, უჰანში მოქმედი უმსხვილესი ვირუსოლოგიური კვლევითი ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრისგან ამერიკული ოფიციოზი ამ დრომდე თავს იკავებს.
ახალი ტიპის კორონავირუსი პირველად სწორედ ჩინეთში გაჩნდა. პირველი ცნობები ამის შესახებ გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა. ინფიცირების წყაროდ ქვეყნის ხელისუფლებამ უჰანის პროვინციაში არსებული სასურსათო ბაზარი დაასახელა. მას შემდეგ მთელს მსოფლიოში COVID-19-ით უკვე 248 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობა 3,5 მილიონს ასცდა. ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეულში შედიან აშშ, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მეშვიდე ადგილზეა რუსეთი. თავად ჩინეთში, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირდა დაახლოებით 83 000 მოქალაქე, გარდაიცვალა 4,5 ათასზე მეტი. აშშ-ში, სადაც ვირუსით 68 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, პრეზიდენტმა ტრამპმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა არაერთგზის გამოთქვეს ეჭვი ჩინეთის მიერ გავრცელებული მონაცემების სიზუსტესთან დაკავშირებით.


