ბრიტანელი მეცნიერები:"D ვიტამინის ნაკლებობა შესაძლოა, კორონავირუსისგან მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი იყოს"
03/05/2020 08:29:19 საზოგადოება
D ვიტამინის ნაკლებობა შესაძლოა, ახალი ტიპის კორონავირუსისგან მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი იყოს, - განაცხადეს აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტისა და დედოფალ ელისაბედის საავადმყოფოს ფონდის სპეციალისტებმა, რომელთა კვლევის შედეგები პორტალ Research Square-ზეა გამოქვეყნებული.
სპეციალისტებმა D ვიტამინის საშუალო შემცველობა 20 ევროპულ ქვეყანაში დაადგინეს, შემდეგ კი მიღებული მონაცემები კორონავირუსისგან სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებლებს შეადარეს. დადგინდა, რომ რაც უფრო დაბალია ქვეყნის მასშტაბით ადამიანების ორგანიზმში D ვიტამინის შემცველობა, მით უფრო მაღალია ლეტალურობა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოქალაქეთა ორგანიზმებში ამ ვიტამინის ნაკლებობა ყველაზე ხშირად იკვეთებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, შვეიცარია.
მანამდე ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის პანდემიის დროს D ვიტამინის მიღების რეკომენდაცია გაავრცელეს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ვინაიდან ადამიანები უმეტეს დროს დახშულ სივრცეში ატარებენ და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ პრაქტიკულად არ ხვდებიან, ისინი აღნიშნულ ნივთიერებას ფაქტობრივად არ იღებენ. ამასთან, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვიტამინი D არანაირ გავლენას არ ახდენს ინფიცირების ალბათობაზე ან განკურნებადობაზე, მისი ნაკლებობა უბრალოდ მოწყვლადს ხდის ორგანიზმს და სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამ კუთხით ზრდის.


