"მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი"
02/05/2020 11:28:53 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ეჭვობს, რომ "სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი".
„მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი, როგორც ჩანს. ახლა განმეორებით კვლევებს ითხოვენო. განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ 4 დღის შემდეგ, 8 დღის შემდეგ, ახლა ჩვენ რომ დავყვეთ მათ მოთხოვნას და განმეორებით კვლევაზე წავიდეთ, ატყდება 140 კაცი, რომ მათაც განმეორებითი კვლევა ჩაუტარდეთ. განმეორებითები არის 3 – 4 დღის შემდეგ და გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც პროტოკოლით არის განსაზღვრული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშვანის მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ადგილობრივებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, პოლიციასა და მერიის წარმომადგენლებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, რის გამოც დაზიანდა სასწრაფოს ავტომობილები და მუნიციპალიტეტის მერის მანქანა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


