ბოლნისში ინფიცირებული 10 პირი კლინიკაში გადაყვანას დასთანხმდა
02/05/2020 10:42:03 საზოგადოება
ბოლნისის სოფელ მუშევანში COVID–19–ით ინფიცირებული 10 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის განცხადებით, ერთსაათიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და ინფიცირებულების კლინიკებში მოთავსებაზე დასთანხმდნენ.
სამართალდამცველთა დიდმა ნაწილმა სოფელი მუშევანი უკვე დატოვა, სადაც ისინი დღეს დილიდან იყვნენ მობილიზებულნი. ადგილზე დარჩა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
"გუშინდელი პროტესტის მიზეზი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებს პრაქტიკულად არც ერთს არ ჰქონდა სიმპტომი, თავს არ მიიჩნევენ დაავადებულად. მათ ქონდათ გარკვეული პროტესტი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე. ამას დაერთო ისიც, რომ გარკვეული ნაწილი ადგილობრივი საზოგადოებისა იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და მათმა პროტესტმა მიიღო მძაფრი ხასიათი, რაც გამოიხატა მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში და გარკვეულ აგრესიულ ქმედებებში. თუმცა არც ერთი დაზარალებული პირი არ გვყავს, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ არავისთვის. დღეს ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და სამართალდამცველებთან ერთად ვესტუმრეთ ამ ოჯახებს ავუხსენით დეტალური ვითარება. ისინი დაგვთანხმდნენ სამკურნალოდ მათ გადაყვანაზე. ეპიდემიოლოგები და მედიკოსები გააგრძელებენ მუშაობას, ამ ადამიანების ყველა კონტაქტი უკვე ცნობილი და გამოკვლეულია, ტესტირებები ამ სოფლებში გაგრძელდება", – აცხადებს გოგი მეშველიანი.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით კი, სოფელში ამ ეტაპზე სრული სიმშვიდეა.
სოფელ მუშვანში 25 აპრილიდან საკონტროლო გამშვები პუნქტია მოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშვანის მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ადგილობრივებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, პოლიციასა და მერიის წარმომადგენლებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, რის გამოც დაზიანდა სასწრაფოს ავტომობილები და მუნიციპალიტეტის მერის მანქანა.


