კახეთში Covid-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა
02/05/2020 11:54:38 საზოგადოება
კახეთში Covid-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და სასწრაფო დახმარების სამსახურში ექიმად მუშაობს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 239 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 400 000–ს გადააჭარბა, 1 082 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


