“სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ „ფეისბუქში“ პროსამთავრობო და ანტისამთავრობო გვერდების ნაწილი აღარ იძებნება
01/05/2020 15:23:01 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შემდეგ „ფეისბუქში“ პროსამთავრობო და ანტისამთავრობო გვერდების ნაწილი აღარ იძებნება.
„დღეს უკვე აღარ იძებნება ცრუ მედია გვერდები და მათთან დაკავშირებული ქსელი, რის შესახებაც გუშინ გამოვაქვეყნეთ. აღარ იძებნება კოკა ყანდიაშვილი, მისი სააგენტო "ეSპერსონა" და მასთან დაკავშირებული ჯგუფები. აღარ არის ნათია ბერიძის და გიორგი ხეთაგურის ანგარიშებიც, რომლებიც ბევრ ამ ჯგუფს მართავდნენ.
ასევე, აღარსად ჩანს "ორი გვამი უნდათ", "იყავი და გაგეკეთებინა"; " პოლიტიკური სანაგვე"; "ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო"; "ბრძენი ქოცი" და სხვა გვერდები და ჯგუფები. ანუ, როგორც ანტიოპოზიციური, ისე ანტისახელისუფლებო გვერდები, რომლებიც ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობდნენ და მაშინ ჩვენს ანგარიშებში მოხვდნენ.
სავარაუდოდ, სახეზე გვაქვს Facebook-ის მიერ მასშტაბური ოპერაცია (ე.წ. takedown) დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მიზნით მოქმედი ქსელების პლატფორმიდან წასაშლელად. თუმცა, დეკემბერში მსგავსი ოპერაციის შემდეგ, რიგმა ასეთმა გვერდმა და ჯგუფმა თვითდეაქტივაციას მიმართა. ამდენად არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი "ფეისბუქის" ნაცვლად თავისი ინიციატივით მიმალულიყვნენ არაავთენტური ქმედებების კვალის წასაშლელად“, – აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
ორგანიზაციამ ცრუ მედიაგვერდების ქსელის ტაობაზე კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. ცრუ მედიის ქსელი – კოორდინირებული საინფორმაციო სააგენტოს ტიპის ცრუ მედიის გვერდები – ჯამში, “სამართლიანი არჩევნების” მონაცემებით, 14 გვერდს მოიცავდა და უმეტესობა ერთსა და იმავე დღეს – 2019 წლის 27 მაისს შეიქმნა. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ ქსელი “შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით ცდილობს პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას”.



