"არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე ერთმანეთს არ დაემთხვა"
01/05/2020 13:45:00 საზოგადოება
"TV პირველის" ტოქშოუების წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელებთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს.
"საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს... ყველამ, ვინც ამ გუნდს [საინფორმაციო სამსახურს] შეუერთდება, უნდა იცოდეს, რომ დასჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები",– უთხრა "რადიო თავისუფლებას" ჟიჟილაშვილმა.
"TV პირველის" დირექტორი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ჟიჟილაშვილის ნაცვლად საინფორმაციო სამსახურს თავად უხელმძღვანელებს, ჟიჟილაშვილი ტოქშოუების მიმართულებით განაგრძობს მუშაობას.
ნინო ჟიჟილაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თებერვლის ბოლო კვირაში გახდა. მისი ამ თანამდებობიდან წასვლა კი დროში ემთხვევა "TV პირველზე" მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ნოდარ მელაძის გადასვლას. როგორც ითქვა, ის არხის გენერალური პროდიუსერის თანამდებობაზე დაინიშნა.


