თურქეთში პროფკავშირების ლიდერები დააკავეს
01/05/2020 12:27:34 მსოფლიო
თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე 15 ადამიანი დააკავეს, რომლებიც შრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მსვლელობის მოწყობას ცდილობდნენ, – იუწყება AP.
მისივე ცნობით, დაკავებულთა შორის პროფკავშირების ლიდერებიც არიან. სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დემონსტრაციის მონაწილეები უკვე გათავისუფლებულები არიან.
ბოლო რამდენიმე წელია, ტაქსიმის მოედანზე მიტინგების გამართვა "უსაფრთხოების საკითხების გამო" აკრძალულია.
უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 120 000–ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 3 100–ზე მეტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: 1 მაისს ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში აქტივისტები და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღის აღნიშნვა სათავეს აშშ-დან იღებს, სადაც მშრომელთა კავშირები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში პირველად გამოვიდნენ რვასაათიანი სამუშაო დღის შემოღების მოთხოვნით. 1886 წლის 1 მაისს ამ მოთხოვნების შესრულების მოწოდებით გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა. ეს იდეა შემდგომში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას შემდეგ 1 მაისი საერთაშორისოდ აღინიშნება, თუმცა საკუთრივ აშშ-ში შრომის დღეს სექტემბრის პირველ ორშაბათს აღნიშნავენ.


