პეტერბურგში COVID-19-ით სასწრაფო სამედიცინო დახმარების 111 თანამშრომელი დაინფიცირდა
01/05/2020 10:55:17 მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 111 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, - იუწყება სააგენტო ТАСС ჯანდაცვის საქალაქო კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ თავად ინსტიტუტი კორონავირუსით ინფიცირებულთა მიღებაზე არ სპეციალიზდება: მას პეტერბურგის მაცხოვრებლები სხვა გადაუდებელი პრობლემებით აკითხავენ. მედპერსონალის დეფიციტის გამო ინსტიტუტმა პაციენტების მიღება შეამცირა, ავადმყოფებს სხვა კლინიკებში ამისამართებენ.
მანამდე ინსტიტუტის ერთ-ერთი თანამშრომლის მონაცემები გაჩნდა “ხსოვნის სიაში”, რომელშიც რუს მედიკოსებს ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გარდაცვლილი კოლეგები შეჰყავთ. საუბარია 56 წლის ექთანზე. ადგილობრივი გამოცემა "Фонтанка"-ს ცნობით კი, პეტერბურგის პოკროვის რაიონული საავადმყოფოდან (რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს იღებს) 8-დან 4 თანამშრომელი წავიდა მთავარი ექიმის მუქარის შემდეგ, რომელიც მათ ერთობლივ ვიდეო-მიმართვას მოჰყვა დამცავი საშუალებების მწვავე დეფიციტის თაობაზე. მალევე საავადმყოფოს მედპერსონალს შორის კორონავირუსით ინფიცირებული 6 პირი გამოავლინეს, მათ შორის ერთ-ერთი ხსენებული ვიდეო-მიმართვის მონაწილე გახლდათ. ინფიცირებულთა რაოდენობით პეტერბურგს სადღეისოდ რუსეთში მესამე ადგილი უკავია მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის შემდეგ.
ქალაქში დადასტურებულია 4 000-ზე მეტი შემთხვევა, 31 პაციენტი გარდაიცვალა. მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევები რუსეთის მასშტაბით ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში ფიქსირდება. იქ დასაქმებული მედიკოსების 70%-მა განაცხადა, რომ სახეზეა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწვავე დეფიციტი,- იუწყება сообщает "Медвестник".


