ჯანმო: "ვიმედოვნებთ, ჩინეთი Covid-19–ს წარმოშობის თაობაზე კვლევაში ჩვენც ჩაგვრთავს"
01/05/2020 10:45:19 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთი ორგანიზაციას Covid-19–ს წარმოშობის თაობაზე კვლევაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სურვილს გამოთქვამს საერთაშორისო პარტინორებთან ერთად მიწვეულ იქნას ჩინეთის მთავრობის მიერ, რათა მონაწილეობა მიიღოს გამოძიებაში კორონავირუსის ცხოველური წარმომავლობის შესახებ“, - განაცხადა ჯანმო–ს პრეს–სპიკერმა ტარიკ ჟასარევიჩმა და დასძინა, რომ ორგანიზაციას ჩინეთში მიმდინარე კვლევებში ჩართვის საშალება ამ დრომდე არ მისცემია.
ცნობისთვის: კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მსოფლიოში COVID-19–მა 234 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 320 000–ს გადააჭარბა, 1 043 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


