Covid-19–ის ტანსაცმლით გავრცელების რისკი
01/05/2020 08:29:31 მსოფლიო
ამერიკელი ექიმი, ბალტიმორის ჯანდაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლეანა ვენი მიიჩნევს, რომ Covid-19–ის ტანსაცმლით გავრცელების რისკი „ძალიან დაბალია“.
CNN–ის ჟურნალისტის კითხვაზე, „უნდა გამოვიცვალოთ თუ არა ტანსაცმელი, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან, მაგალითად, სასურსათო მაღაზიიდან სახლში ვბრუნდებით?“, ვენმა შემდეგი განაცხადა:
„შანსი იმისა, რომ ვინმე Covid-19–ით შესაძლოა, ტანსაცმლიდან დაინფიცირდეს, ძალიან დაბალია. რა თქმა უნდა, აქ არ ვგულისხმობ მედიცინის მუშაკებს ან სხვა პირებს, რომლებსაც ინფიცირებულებთან აქვთ კონტაქტი. თუ თქვენ ასეთ ჯგუფს მიეკუთვნებით, აუცილებლად უნდა გამოიცვალოთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გარეთ დატოვოთ“.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 234 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 320 000–ს გადააჭარბა, 1 043 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


