პროტესტი გლდანში: „გაუბედურებულ ხალხზე რატომ გადადის ყველაფერი?!“
01/05/2020 07:35:20 საზოგადოება
თბილისში, გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ელოდნენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, 27 აპრილს აგრარული ბაზარი გაიხსნებოდა, პროდუქტიც შეიძინეს, თუმცა ვინაიდან ვაჭრობის უფლება არ მიეცათ, პრიდუქტი გაფუჭდა.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ გლდანის ბაზარი ღია ტიპისაა და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეძლევათ ვაჭრობის საშუალება.
მათ პროტესტის ნიშნად, სარეალიზაციოდ შეძენილი მალფუჭებადი პროდუქტი სანაგვე ურნაში ჩაყარეს.

„მართალია, მსოფლიოში ეპიდემიაა, ჩვენც ვიცით, რა ვითარებაა, ამიტომ, ჩვენ – გაჭირვებული ხალხი თავად დავიცავთ დისტანციას და მოვითხოვთ, ბაზარი გაგვიხსნან. 27 აპრილს გამოცხადდა, რომ ღია აგრარული ბაზრები გაიხსნება. ჩვენი ბაზარი სწორედ, რომ ღია ტიპისაა. მე „ოპტავოიზე ვმუშაობ“, ვალით ვიყიდე 9 000 ლარის პროდუქტი – კიტრი, პომიდორი და ა.შ. და ბაზარში არ შემიშვეს. პროდუქტი გამიფუჭდა და გადავყარე. დღეს გამოვედით, გვინდოდა, ცოტა პროდუქტი მაინც გაგვეყიდა, მოვიდა პატრული და უსიტყვოდ დავემორჩილეთ. რა გავაკეთოთ?! ორი თვეა, სახლში ვზივართ. ჩვენს უკან დგანან ბავშვები და მოხუცები და რა გავაკეთოთ? მივიდეთ ნებისმიერ დიდ მაღაზიაში და ვნახოთ, თუ იცავენ დისტანციას. ამ გლეხებსა და გაუბედურებულ ხალხზე რატომ გადადის ყველაფერი? აქ 2000 კაცია და ჩვენი უბედურება უნდა გაიგოს მთავრობამ“,– აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოვაჭრეების ცნობით, ადმინისტრაცია ბაზარს ვერ ხსნის, შიშობენ რა, რომ დაჯარიმდებიან.
აქციის მონაწილეები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებსა და გზის გადაკეტვას აანონსებენ.
ცნობისთვის: მსგავსი პროტსტი დააფიქსირეს მოვაჭრეებმა რუსთავშიც. დღეს რუსთავში „სტამბოლის ბაზრობა“ გაიხსნა.


