რუის-ურბნისის ეპარქია 10–დღიანი დუმილის შემდეგ შეიარაღებულ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
30/04/2020 12:38:20 საზოგადოება
რუის-ურბნისის ეპარქია სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 10–დღიანი დუმილის შემდეგ რამდენიმე განმარტებით ეხმიანება. კერძოდ, განცხადებაში მითითებულია, რომ დაკავებული სასულიერო პირი ყინწვისის მონასტრის ხელმძღვანელი არ არის, ამასთან უშუალოდ დაპირისპირება ეპარქიის ტერიტორიაზე არ მომხდარა, ყურადღება გამახვილებულია ჟურნალისტების არაკეთილსინდისიერებაზე, თუმცა უშუალოდ შეიარაღებულ ინციდენტზე არაფერია ნათქვამი.
ინფორმაციისთვის: არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი რუის-ურბნისის ეპარქიის ხელმძღვანელის შვილობილია, ხოლო დაპირისპირება მხარეებს შორის სააღდგომო სუფრაზე დაიწყო, სადაც მეუფე იობიც იმყოფებოდა.
"უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ: რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“. ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა - აქიაშვილი, როგორც მას იხსენიებენ. რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა. სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა", - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდების დადგენილების თანახმად, რომელიც "რუსთავი 2"–მა მოიპოვა, "2020 წლის 20 აპრილს, დღის საათებში, ყინწვისის მამათა მონასტერში, კობა კობაიძეს შელაპარაკება მოუვიდა ამავე მონასტერში სუფრად მყოფ - საბა ჟღენტთან. განაწყენებულმა კობა კობაიძემ გადაწყვიტა საბა ჟღენტის მოკვლა. იმავე დღეს, საღამოს საათებში კობაიძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით მივიდა სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ სწორედ იქ უნდა გაევლო საბა ჟღენტს ავტომანქანით. კობა კაობაიძე ჩაუსაფრდა ცეცხლსასროლი იარაღით მომარჯვებული და დაელოდა საბა ჟღენტის გამოჩენას. დაახლოებით 18 საათზე აღნიშნულ ადგილას გამოჩნდა საბა ჟღენტის ავტომანქანა. კობა კობაიძემ, შურისძიების მოტივით, მკვლელობის განზრახვით, ავტომატიდან დაახლოებით 10-ჯერ ესროლა საბა ჟღენტს. თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო, რადგან საბა ჟღენტი ავტომობილით შემთხვევის ადგილს გაერიდა".


