"არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „რემდესევირს“ მიიღებს"
30/04/2020 11:49:58 საზოგადოება
"იმედი არის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს პრეპარატ „რემდესევირს“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად მედიკამენტი „რემდესევირი“ მოიაზრებოდა ფავორიტად, თუმცა იყო განსხვავებული მოსაზრებებიც:
„როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი, მაშინ დაიწყეს დაახლოებით 15 მედიკამენტის კვლევა, რომელი გაამართლებდა კორონავირუსის სამკურნალოდ. „რემდესევირი“ თავიდანვე ითვლებოდა ფავორიტად, რომელზეც ამყარებდნენ ყველაზე დიდი იმედს. ერთხანს ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც უჩვენა, რომ „რემდესევირი“ არც ისე ეფექტურია „კოვიდის“ დროს, როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია. თქვენ იცით, რომ აშშ-ის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის ყველაზე ავტორიტეტულმა დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ, რომელიც ჩვენი 20 წლის პარტნიორი და დიდი მეგობარია, გააკეთა საკმაოდ თამამი განცხადება, რომ „რემდესევირი“ ეფექტურია ამ დაავადების დროს. შესაძლოა, ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ამ დასკვნას ყველა არ ეთანხმება, ისევე როგორ „პლაქვენილს“, მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესევირი“ კარგია“.
მისივე თქმით, საქართველომ კომპანიას წამლის მიღების თხოვნით უკვე მიმართა:
"ჩვენს ჯანდაცვის მინისტრსა და მთავრობას აქვთ ერთი პრივილეგია, რომ „რემდესევირის“ მწარმოებელი კომპანია, რომელიც საქართველოს აწვდის „C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის უფასოდ მედიკამენტებს და საერთოდ დიდ პატივს სცემს საქართველოს და მის ჯანდაცვას. ჩვენმა ხელმძღვანელმა ისარგებლა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და მისცეს საქართველოს „რემდესევირი“. არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს „რემდესევირს“. თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის, მაშინ საქართველო ამით კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადადგამს წინ. ქვეყანამ ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას, სულ ექვსი გარდაცვლილი ყავს, მაგრამ მომავალში დაიზღვევს თავს რამე სერიოზული დანაკარგებისგან“.
COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა, პრეპარატი "რემდესივირი" გამოცხადდეს. ამის შესახებ 29 აპრილს აშშ-ის ალერგიული და ვირუსული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „გილეადის“ მიერ თავის დროზე „ებოლას“ წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი "რემდესივირი" 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.


