Accentnews.ge
“როსნეფტი” პუტინის სავარაუდო ქალიშვილის შესახებ პუბლიკაციის გამო BBC-ს სასამართლოში უჩივის

“როსნეფტი” პუტინის სავარაუდო ქალიშვილის შესახებ პუბლიკაციის გამო BBC-ს სასამართლოში უჩივის

30/04/2020 09:11:52 მსოფლიო

კორპორაცია “როსნეფტი” რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სავარაუდო ქალიშვილის შესახებ პუბლიკაციის გამო BBC-ს სასამართლოში უჩივის.

როგორც კორპორაციის განცხადებაშია აღნიშნული, პუბლიკაცია “სრულიად უსაფუძვლო სიცრუეს შეიცავს კომპანიისა და კონკრეტულ პროექტთან არავითარი კავშირის არმქონე პირების თაობაზე".

კონკრეტულად რაში მდგომარეობს სიცრუე და რომელი პირები ჰყავს კორპორაციას მხედველობაში – განცხადებაში არ კონკრეტდება.

თავად პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთში გენეტიკური ტექნოლოგიებისა და გენეტიკური რედაქტორების დარგში მსხვილი კვლევითი ცენტრი იქმნება, რომლის საკვანძო ინვესტორი კორპორაცია “როსნეფტი” იქნება, ცენტრის ხელმძღვანელობაში კი პრეზიდენტ პუტინის სავარაუდო უფროსი ქალიშვილი მარია ვორონცოვა შევა.

გამოცემის ცნობით, "როსნეფტმა" შესაძლოა, ამ მიზნით 1 მლრდ დოლარამდე დახარჯოს.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ და ნავთობკომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად, 2027 წლისთვის რუსეთი მსოფლიოში გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარებაში ლიდერად უნდა იქცეს.

BBC-ს ინფორმაციით, "როსნეფტს" დაევალა, გენეტიკური კვლევების ცენტრი - ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია "რუსული გენეტიკური ტექნოლოგიები" ჩამოაყალიბოს და 28 აპრილს იგი მოსკოვში “როსნეფტის” მისამართზე დარეგისტრირდა. მისივე ცნობით, ცენტრის დირექტორად იგორ სეჩინის მრჩეველი, ბიოლოგი კონსტანტინე სევერინოვი დაინიშნა, თავად სეჩინი ცენტრის სადამკვირვებლო საბჭოს უხელმძღვანელებს, საბჭოს შემადგენლობაში კი ვორონცოვაც შევა. "როსნეფტში" ეს ინფორმაცია პირდაპირ არ დაუდასტურებიათ, თუმცა არც უარყვიათ.ამასთან, BBC-ს ანონიმურმა რესპონდენტმა ცენტრს "პრეზიდენტის ქალიშვილის პროექტი" უწოდა. იმის შესახებ, რომ მარია ვორონცოვა პრეზიდენტ პუტინის უფროსი ქალიშვილია, არაეთი მედიასაშუალება წერდა, თავად პუტინი კი ამას არც უარყოფდა და არც ადასტურებდა.

• მარია ვორონცოვა სპეციალობით ენდოკრინოლოგია, მეცნიერებათა კანდიდატი.

• ადრე BBC-ს რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვორონცოვას ბიზნესის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელთა მიხედვით, იგი სს “ახალი სამედიცინო კომპანიის” თანამფლობელია, ეს უკანასკნელი კი ლენინგრადის ოლქში “მრავალფუნქციური სამედიცინო კომპლექსის” დაარსებას გეგმავს.

• გასული წლის აპრილში, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ვორონცოვა გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების ფედერალური პროგრამის რეალიზების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანეს.

• გასული წლის ზაფხულში კი, როგორც სააგენტო Bloomberg წერდა, ვორონცოვა მონაწილეობდა წამყვან რუს გენეტიკოსებთან შეხვედრაში, რომელიც ადამიანის დნმ-ის რედაქტირების პრობლემებს ეძღვნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S