რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის მინიმუმ, 20 თანამშრომელი COVID-19-ითაა ინფიცირებული, ერთი მათგანი გარდაიცვალა
30/04/2020 09:02:57 მსოფლიო
რუსეთის დაცვის ფედერალური სახელმწიფო სამსახურის სულ მცირე, 20 თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირებული, ერთი მათგანი გარდაიცვალა, - იუწყება “მედუზა” უწყებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 34 წლის კაპიტანი ალექსანდრე ფილატოვია. მისმა კოლეგებმა აცნობეს "მედუზას", რომ ჰოსპიტალიზაციამდე იგი ორჯერ გამოიკვლიეს და კორონავირუსი ვერ დაუდგინეს, რის შემდეგაც ორივეჯერ სახლში გაუშვეს. COVID-19 და ორმხრივი პნევმონია ფილატოვს მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ დაუდგინდა საავადმყოფოში, რომელსაც მან ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ თავად მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციამდე ფილატოვს კვლევები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უწყებრივ კლინიკაში უტარდებოდა. უწყების თანამშრომლები ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტს უჩივიან: ერთ-ერთის განცხადებით, კვირის განმავლობაში მან მხოლოდ ორი სამედიცინო ნიღაბი მიიღო.


