აქცია რუსთავში: „მერიაში დიდიან–პატარიანად შევალთ!“
30/04/2020 08:36:19 საზოგადოება
რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები ღია ტიპის ბაზრობის გახსნას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ობიექტი ორი კვირაა, დაკეტილია, დასაქმებულები კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. თავად ბაზრობის ადმინისტრაცია ნებართვას სურსათის ერონული სააგენტოსგან ელოდება. განმარტავენ, რომ რეკომენდაციების დაკმაყოფილების მიზნით ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს.
„მოსახლეობა ვართ გამოსული. ხალხი შიმშილით იხოცება. მხარში ხომ უნდა ამოუდგნენ?! მოგვცენ საშუალება, ოჯახში ორი თეთრი შევიტანოთ, მეტი არაფერი გვინდა! პროდუქტი ფუჭდება, არც ობიექტზე გვიშვებენ და არც გარეთ გაჩერების უფლებას გვაძლევენ! ჩვენ კიტრი, კარტოფილი 1,5 ლარში შემოგვაქვს, მაღაზიებში კი 3 ლარად ყიდიან – მაღაზიები ყველაფერს ძვირად ყიდიან, ჩვენ კი ლიცენზიას არ გვაძლევენ. ეს ორი დღეც დაველოდებით და შემდეგ უკვე მერიაში შევალთ დიდიან–პატარიანად ყველა“,– აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის: 27 აპრილიდან აგრარულ ბაზრებს ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა როგორც განიმარტა, გაიხსნა მხოლოდ ის აგრარული ბაზრები, რომლებიც ჯანდაცვის რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ. დანარჩენები ეტაპობრივად, რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემდეგ გაიხსნება.


