საქართველოში Covid-19–სგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმით ავადმყოფების მკურნალობა იწყება
29/04/2020 18:07:23 საზოგადოება
საქართველოში Covid-19–სგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმით ავადმყოფების მკურნალობა იწყება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმით ავადმყოფების მკურნალობა ძალიან სენსიტიური საკითხია. ეს მეთოდი საუკუნეებს ითვლის, მაგრამ მისი გამოყენება ყოველთვის დაკავშირებული იყო რისკებთან და სიძნელეებთან. რაც მთავარია, ეფექტი რომ მიიღო, უნდა შეირჩეს დონორი, რომელსაც აქვს მაღალი ე.წ. დამცავი მანეიტრალებელი ანტისხეულები, რომელთა განსაზღვრა ძალიან ძნელია. შეიძლება, 20 დონორი გყავდეს გამოჯანმრთელებული და იქედან ერთის სისხლი გამოდგეს მხოლოდ. ჩვენ უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, კიდევ ვაზუსტებთ რაღაც დეტალებს და უახლოეს 1–2 კვირაში ამ მეთოდს გამოვიყენებთ, რომელიც მსოფლიოში ჯერ მხოლოდ 2–3 ქვეყანას აქვს გამოყენებული. ამ მეთოდით ავადმყოფის სხეულში შეჰყავთ პლაზმა, რომელიც შეიცავს მაღალი კონცენტრაციით დამცავ ანტისხეულებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, თეორიულად ამ მეთოდის გამოყენება მასობრივად შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკულად ეს ვერც ერთი ეპიდემიის დროს ვერ მოხერხდა:
„ეს ხომ არ არის მედიკამენტი, რომ მასობრივად აწარმოო. ან ვაქცინა, რომელიც მილიონობით დოზა შეიძლება დაამზადო. აქ თითოეული შემთხვევისთვის თითოეული დონორი უნდა გყავდეს და საქართველოში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 517 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული და აქედან 178 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. ერთი დონორიდან ერთი პლაზმა მზადდება, მაგრამ , როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეიძლება, 20 დონორიდან მხოლოდ ერთი პლაზმა გამოგადგეს“.


