ცერცვაძის თქმით, ტესტირებების სიმცირე „ხარვეზია“, მაგრამ „ე.წ. აგრესიულ გამოკვლევაზე მნიშვნელოვანი ის არის, რამდენად სწორად არჩევ სამიზნე ჯგუფებს“
29/04/2020 17:46:31 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტირებების რაოდენობით საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებს ჩამორჩება, „ხარვეზია“, მაგრამ მიიჩნევს, რომ „ე.წ. აგრესიულ გამოკვლევაზე მნიშვნელოვანი ის არის, რამდენად სწორად არჩევ სამიზნე ჯგუფებს“.
"ეს არის ხარვეზი. ე.წ. აგრესიული ტესტირება კარგია, რაც მეტს გამოიკვლევ უკეთესია, მაგრამ ორ მომენტს გეტყვით, რაც შედარებით ამ ხარვეზს არბილებს საქართველოსთვის. ერთი, გერმანიას, ევროპის ლიდერს ამ ტესტირებების საქმეში, გამოკვლეული ჰყავს 2 000 000-ზე ცოტა მეტი მოქალაქე, რაც წარმოადგენს მისი მთლიანი მოსახლეობის 2.5%-ს მხოლოდ. ანუ იცით, რა გამოდის? კი, 2 000 000, ეს გაცილებით კარგია, ვიდრე ჩვენთან 12 000, მაგრამ ის 2 000 000 80-მილიონიანი გერმანიის მხოლოდ 2.5%-ია. გამოდის, რომ მოსახლეობის 97 % გერმანიაში არ არის გამოკველეული. ასე, რომ ეს მასობრივი გამოკვლევა არ არის პანაცეა, თუმცა საჭიროა და კარგია", - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს რიცხვი აწიოს და მომავალი კვირიდან გერმანული სტანდარტით აპირებს მოქალაქეების გამოკვლევას ვირუსზე.
ცერცვაძის განცხადებით, ე.წ. აგრესიულ გამოკვლევაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ ვის იკვლევ და რამდენად სწორად არჩევ სამიზნე ჯგუფებს.
„ამ საკითხში საქართველო არც ერთ წამყვან ევროპულ ქვეყანას არ უდებს ტოლს, მათ შორის არც გერმანიას. თუნდაც ახლა გამოკვლევაში ტესტები ცოტა გვქონდა, მაგრამ ეს ცოტა ტესტი უფრო ეფექტურად იქნა გამოყენებული. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი არ დაიჯეროთ, მაგრამ რას უზამთ იმას, რომ ჩვენთან 6 ადამიანია გარდაცვლილი და სხვაგან 6 000, 60 000. ხო შედეგით იზომება ყველაფერი? ცოტაა ჩვენთან გაკეთებული ტესტი, მაგრამ მაქსიმალური სარგებლიანობითაა ეს ტესტი გამოყენებული",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


