„არც ერთმა მკურნალობამ არ მოგვცა შედეგი და რომ არა ეს წამალი, Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტი დაგვეღუპებოდა“
29/04/2020 17:23:16 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პრეპარატ "ტოცილიზუმაბის" გამოყენების შედეგად Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტი სიკვდილს გადაურჩა.
თუმცა როგორც ცერცვაძე განმარტავს, ამ პრეპარატის გამოყენება ძალიან რთული და სარისკოა.
„ყველა პაციენტს ვუდგებით ინდივიდუალურად და „პლაქვენილის“ გარდა, რომელიც ერთგვარი საბაზისო საშუალებაა, ვუნიშნავთ ყველაფერ იმის სამკურნალო საშუალებას, რაც პაციენტის ორგანიზმშია დარღვეული. ძალიან ხშირად აქვს ადგილი სისხლის შემდედებელ სისტემაში დარღვევებს და რამდენიმე პაციენტს ჰქონდა ტრომბოემბოლიური გართულებები. ჩვენ მაშინვე ვუნიშნავთ მას სისხლის გამათხელებლებს. აგრეთვე ძალიან სერიოზულია თანმხლები ბაქტერიული გართულებები, რომელიც ზოგჯერ ძნელი გასარჩევია ძირითადი დაავადებისგან და მას „პლაქვენილი“ არაფერს უშველის და ამიტომ ჩვენ მას უნდა შევურჩიოთ ადეკვატური ანტიბიოტიკოთერაპია, რაც ყოველთვის იოლი არ არის, რადგან ძალიან ჰგავს Covid-19–ით გამოწვეული ინფექციის კლინიკური სურათი და ლაბორატორიული მაჩვენებლები ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეულს. ახლა ზოგი იტყვის, რომ არ ჰგავსო, მაგრამ მერწმუნეთ, ჰგავს. ყველაზე რთული არის ციტოკინული შტორმით გამოწვეული ცვლილებები, რომელიც ძირითადად განაპირობებს პაციენტების სიმძიმეს, მათ კრიტიკულ სიმძიმესა და დაღუპვასაც. აი ამ ციტოკინული შტორმის საწინააღმდეგოდ არის მოწოდებული მედიკამენტი ტოცილიზუმაბი, რომელიც ჩვენ წარმატებით გამოვიყენეთ ერთ შემთხვევაში, სადაც "პლაქვენილმა" არაფერი შედეგი არ მოგვცა და საერთოდ არც ერთმა მკურნალობამ არ მოგვცა შედეგი და ეს პაციენტი დაიღუპებოდა რომ არა "ტოცილიზუმაბი". ეს ძალიან რთული და სარისკო გამოსაყენებელია. რომელიც თუ გამოიყენე სწორად, გადაარჩენს პაციენტს, განსხვავებით "პლაქვენილისგან", რომელიც უხდება მაგრამ, ისე დრამატულად არა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


