აცრები და COVID-19 – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა
29/04/2020 17:00:38 მსოფლიო
გაერო–ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებით, COVID-19 –ის პანდემიის პერიოდში ბავშვების გეგმიური აცრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
„გეგმიური აცრები ჩვეულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ვაქცინაცია ბავშვებისა და ჩვილებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვაქცინები მათ სერიოზული დაავადებებისგან იცავენ. თუ COVID-19 –ის პანდემიის გამო გეგმიური აცრები შეჩერებულია, თქვენ უნდა დაელოდოთ შესაბამისი კლინიკიდან პასუხს და ბავშვი მაშინვე აცრათ, როგორც კი ისინი მუშაობას განაახლებენ“, – აცხადებენ UNICEF–ში.
აუცილებელი არის თუ არა COVID-19–ზე ტესტის ჩატარება ბავშვისთვის, რომელსაც დაავადების არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება
გაერო–ს ბავშვთა ფონდში მიაჩნიათ, რომ თუ ბავშვი ჯანმრთელია და მას COVID-19–ის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, ტესტის ჩატარება აუცილებელი არ არის.
„თუ თქვენს შვილს არ აღენიშნება COVID-19–ის სიმპტომები, მაგალითად, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, ტესტის ჩატარება საჭირო არ არის. ამასთან, შეასრულეთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს, რათა დაიცვათ თქვენი ოჯახი და გარშემომყოფები COVID-19–სგან“, – აცხადებენ UNICEF–ში.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


