ბლოგერსა და მთავარდიაკონ ანდრეი კურაევს მღვდელმოქმედება შეუჩერეს
29/04/2020 14:24:29 მსოფლიო
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ცნობილ ბლოგერსა და მისიონერს, მთავარდიაკონ ანდრეი კურაევს მღვდელმოქმედება შეუჩერა.
როგორც მოსკოვის ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული, ღვთისმსახურების უფლების შეჩერება კურაევის მიერ ელოხოვოს ტაძრის წინამძღვარზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. კერძოდ, როგორც განიმარტა, კურაევმა საჯაროდ შეურაცხყო მღვდელმთავარი ალექსანდრ აგეიკინის ხსოვნა, რაც არის ცინიკური საქციელი და სასულიერო პირებისა და მრევლის აღშფოთებას იწვევს. საკითხზე საეკლესიო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
კურაევმა საკუთარ ბლოგში ალექსანდრ აგეიკინთან დაკავშირებით რამდენიმე ჩანაწერი გამოაქვეყნა. ბოლო ასეთი ჩანაწერი სასულიერო პირის გარდაცვალების დღით თარიღდება და მასში კურაევი აგეიკინს „კარიერისტს“ უწოდებს.
ცნობისთვის: მთავარდიაკონი კურაევი საკუთარ ბლოგებში ხშირად აკრიტიკებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის ოფიციალურ პოზიციას.


