Covid-19-მა ცოლ–ქმარი, რომლებიც ერთად 73 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, 6–საათიანი ინტერვალით იმსხვერპლა
29/04/2020 10:18:03 მსოფლიო
აშშ–ში, ვისკონსინის საავადმყოფოში Covid-19-მა იმსხვერპლა ცოლ–ქმარი, რომლებიც ერთად 73 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
„ბებია და ბაბუა დაინფიცირებიდან მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვერდი–გვერდ იყვნენ მოთავსებულები. ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ და ყოველ დღე ჰქონდათ იმის საშუალება, ერთმანეთისთვის „მე შენ მიყვარხარ“ ეთქვათ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ინფიცირებულთა უმეტესობა მარტოობაში იღუპება და არ აქვთ იმის საშუალება, ოჯახის წევრებს გამოემშვიდობონ. მათი დანაკარგი ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა ის ფაქტი, რომ ისინი ბოლომდე ერთად იყვნენ, ტკბილ–მწარე მოგონებად დარჩება“, – ჰყვება ამერიკულ მედიასთან მერი და ვილფორდ კელპერების შვილიშვილი ნატალი ლამეკა.
მისივე თქმით, ბაბუის გარდაცვალებიდან დაახლოებით 6 საათში ბებიაც გარდაიცვალა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყნაში ახალი კორონავირუსით 59 266 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 1 035 765, გამოჯანმრთელებულია 142 238.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


