„გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ Covid-19-ის შემთხვევები გაიზარდა, მოდით, წყალში ნუ ჩავყრით ყველაფერს და დავრჩეთ სახლში“
28/04/2020 11:43:17 მსოფლიო
რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელ ლოთარ ვიელერის განცხადებით, გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.
„ვირუსის რეპროდუქციის სიხშირე 0,7–დან (რომელიც მიმდინარე თვის დასწყისში ფიქსირდებოდა) 1,0–მდე გაიზარდა. მოდით, შევინარჩუნოთ ის წარმატება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, წყალში ნუ ჩავყრით ყველაფერს და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოვიდეთ შინიდან, დავრჩეთ სახლში. მოდით, შევამციროთ სოციალური კონტაქტები. ჩვენ აღარ გვსურს, რომ ინფიცირების შემთხვევებმა ისევ მოიმატოს“, – განაცხადა ვიელერმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში გერმანიაში Covid-19-ით 1 144 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 1018.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 6 126 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 158 758. 158 758 ინფიცირებულიდან 114 500 უკვე გამოჯანმრთელებულია.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 211 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 065 000–ს გადააჭარბა, 923 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


