ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტი: „ყველაზე ოპტიმისტური სცენარითაც კი Covid-19-ის ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე არ იქნება”
28/04/2020 10:49:22 საზოგადოება
„ყველაზე ოპტიმისტური სცენარითაც კი Covid-19-ის ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე არ იქნება”, – ამის შესახებ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ექსპერტმა პასი პენტტინემ განაცხადა.
„ვაქცინის შექმნის პროცესი ძალიან რთულია და ამასთან ის ძალიან ძვირი ჯდება. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა, რომელსაც საბოლოო შედეგებამდე დიდი დრო სჭირდება“, – განაცხადა პენტტინემ, რომელიც ECDC–სგრიპის და სხვა რესპირატორული ვირუსების პროგრამის ხელმძღვანელია.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 211 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 065 000–ს გადააჭარბა, 923 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


