ამერიკელმა ექიმმა, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
28/04/2020 08:46:15 მსოფლიო
ამერიკელმა ექიმმა ლორნა ბრინმა, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - იუწყება BBC.
ლორნა ბრინი ნიუ–იორკში, მანჰეტენზე არსებული Presbyterian Allen Hospital-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების სამედიცინო დირექტორი იყო.
BBC –ს ცნობით, ექიმი თვითდაზიანებების მიყენების შედეგად დაიღუპა.
როგორც 49 წლის ექიმის მამა ფილიპ ბრინი ჰყვება, ლორნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს COVID-19-ით დაინფიცირდა. დააახლოებით 10 დღის წინ იგი დაავადებისგან განიკურნა და კლინიკაში სამუშაოდ გავიდა. თუმცა, იგი საავადმყოფომ კვლავ სახლში გააგზავნა. ამის შემდეგ, ოჯახმა ექიმი შარლოტსვილში "ძალით" წაიყვანა. ლორნა ბრინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით სწორედ შარლოტსვილში დაასრულა.
ლორნა ბრინის დედის თქმით, მის შვილს ფსიქიკური დაავადების არანაირი ისტორია არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 3 მილიონს გადააჭარბა, მათგან 1 010 356 დადასტურებული შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 211 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 065 000–ს გადააჭარბა, 923 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


