ერდოღანი: "სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენს ნატოელ მოკავშირე აშშ–ს სამედიცინო აღჭურვილობას ვუგზავნით"
28/04/2020 07:14:09 მსოფლიო
თურქეთი აშშ–ს სამედიცინო აღჭურვილობას უგზავნის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
„სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი ნატოელი მოკავშირე ქვეყნის აშშ–ის თხოვნის საფუძველზე ვაშინგტონს სამედიცინო აღჭურვილობას გავუგზავნით, რათა ამერიკელებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმაროთ. ტვირთი შეიცავს 500 000 სამედიცინო ნიღაბს, 40 000 ხელთათმანს, 2 000ლიტრ სამედიცინო–სადეზინფექციო ხსნარს, 400 N95 ტიპის რესპირატორს და 500 სახის ფარს”, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთმა სამედიცინო აღჭურვილობა 55 ქვეყანას გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 3 მილიონს გადააჭარბა, მათგან 1 010 356 დადასტურებული შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. რაც შეეხება თურქეთს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია. თუმცა ბოლო 4 დღეა, ქვეყანაში ახალი შემთხვევები იკლებს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 211 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 065 000–ს გადააჭარბა, 923 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


