გერმანელმა ექიმებმა დამცავი აღჭურვილობის დეფიციტი გააპროტესტეს: „სიშიშვლე სიმბოლოა იმისა, თუ რამდენად დაუცველნი ვართ Covid-19-სგან”
28/04/2020 06:24:10 მსოფლიო
გერმანელი ექიმების ნაწილმა სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის დეფიციტი შიშველი ფოტოების გამოქვეყნებით გააპროტესტა, – იუწყება The Guardian.
მისივე ცნობით, ამ გზით მედიკოსები შეეცადნენ, რომ მათ თხოვნას ყურადღება მიაქციონ.
„სიშიშვლე სიმბოლოა იმისა, თუ რამდენად დაუცველნი ვართ Covid-19-სგან”, – განაცხადა ექიმმა რუბენ ბერნაუმ.
მისი კოლეგა ჟანა ჰუსმანი აცხადებს, რომ იმისათვის, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს უსაფრთხოდ მოემსახურონ აუცილებელია, მედიკოსების სათანადო სამედიცინო მასალებით აღჭურვა.
„ჩემი საქმეა ჭრილობებზე ნაკერების დადება და არა ნიღბების კერვა. რატომ უნდა მიწევდეს სამედიცინო ნიღბის კერვა?“, – აცხადებს ჰუსმანი.
ცნობისთვის: 2020 წლის იანვრიდან მას შემდეგ, რაც გერმანიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, გერმანელი მედიკოსები დამცავი აღჭურვილობის აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც The Guardian იუწყება, ადგილობრივი წარმოება პანდემიის ფონზე ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. საავადმყოფოებმა და მოხუცთა თავშესაფრებმა შესაბამის ორგანოებს ნიღბების, ხალათების, ხელთათმანებისა და სხვა დამცავი საშუალებების თხოვნით არაერთხელ მიმართეს.


