"წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გაიზარდა სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარება. მე ამაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ"
28/04/2020 05:43:58 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მისი კომენტარები ხსნარის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ სარკაზმი იყო. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, რას უკავშირდებოდა ის, რომ ბოლო დღეებში ზოგიერთ შტატში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა, რომ „წარმოდგენა არ აქვს“.
ჟურნალისტი დაინტერესდა, იღებს თუ არა პრეზიდენტი აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობას, რაზეც ტრამპმა შემდეგი განაცხადა:
„არა. წარმოდგენა არ მაქვს ეს რატომ ხდება. მე ამაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ".
ცნობისთვის: ამერიკელი ექიმები და სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი კომპანიები მოსახლეობას მოუწოდებენ არც დალიონ და არც ინექცია გაიკეთონ სადეზინფექციო საშუალებების, რადგან ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.
აღნიშნული მოწოდებები აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება, ვირუსი შეაკავოს.
„სადეზინფექციო საშუალება ერთბაშად გათიშავს ვირუსს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი შეყვანა პაციენტის ორგანიზმში. სადეზინფექციო საშუალება ფილტვებში მოხვდება. საინტერესოა ამის შემოწმება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


