ბრიტანეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას Covid-19-ით დაღუპული მედიკოსის ოჯახი $74 000 მიიღებს
27/04/2020 20:51:53 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთის მთავრობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს Covid-19-ით დაღუპული სამედიცინო პერსონალისა და სოციალური მუშაკის ოჯახს ერთჯერადი დახმარების სახით £60 000 (დაახლოებით 74 000 აშშ დოლარი) გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში ახალმა კორონავირუსმა 82 მედიკოსი და 16 სოციალური მუშაკი იმსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 21 092 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 157 149.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 497 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


