Accentnews.ge
"აპრილსა და მაისში პიკს აღარ ველოდებით, ჩვენ უკვე პლატო გვაქვს"

"აპრილსა და მაისში პიკს აღარ ველოდებით, ჩვენ უკვე პლატო გვაქვს"

27/04/2020 19:13:10 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღარ არსებობს მოლოდინი, რომ აპრილსა და მაისში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები პიკს მიაღწევს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას უკვე აქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინი არის ამ პლატოზე ინფექციების მართვა.

“ჩვენი მიზანი იყო სწორედ ის, რომ საქართველოში არ გვქონოდა პიკი და ჩვენ შეგვძლებოდა გვემართა ვირუსი და გვქონოდა პლატო. სადღეისოდ ჩვენ არ გვაქვს დააანონსებული პიკი, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ეს პიკი არ ყოფილიყო, იყო ჩატარებული არაერთი ღონისძიება მთავრობის მხრიდან და ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო შესრულებული ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით ორი თვის განმავლობაში. ჩვენ უკვე აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ ჩვენ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინიც არის უკვე ამ პლატოზე ინფექციების მართვა, რათა არ მოხდეს სახელმწიფოსთვის ეკონომიკური ზიანი და ჩვენ შევძლოთ, ჯანდაცვის სექტორში ისე ვმართოთ ეს ღონისძიებები, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური წინსვლა და ზრდა”, - განაცხადა ტიკარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S