"ნუ დაგვაბრალებთ იმას, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებთ"
27/04/2020 17:15:10 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ყველას მოუწოდებს, ახალი კორონავირუსის ტესტებზე სპეკულაციისგან თავი შეიკავოს.
"დამერწმუნეთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის, თავის ქება კიტრად არ ღირსო, მაღალი დონის დაწესებულება, არ იკადრებს არც გაყალბებას ციფრის და არც იმას, რომ ადამიანებს მოემსახუროს დაბალი ხარისხით. ქვეყანაში ძალიან მაღალი ხარისხის გერმანული, სამხრეთ კორეული, ბრიტანული და ასევე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჩინეთისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ტესტებია. ძალიან ვთხოვ ყველას, ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ, ნებისმიერ კითხვაზე, ერთადერთი დავანებოთ თავი ამ ტესტებით სპეკულაციას, თითქოს ჩვენი ტესტები დაბალი ხარისხისა”, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, მან კოლეგებსაც მიმართა:
„გამგებმა კარგად გაიგოს, ნუ დაგვაბრალებთ იმას, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებთ. მე კი არა, აი, ის კოლექტივი, ვინც ჩემს უკან დგას, უზარმაზარი კოლექტივი ადამიანებისა, დღე და ღამე მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო ნაკლები დაზიანებით გამოვიდეს ამ პანდემიიდან. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ მეტი კოლეგიალობისკენ, მეტი სოლიდარობისკენ, მეტი თანამშრომლობისკენ. მზად ვართ, ღიად ვითანამშრომლოთ ნებისმიერ საკითხზე, კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო”.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


