WHO: „რიგ რეგიონებში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში მცირე რაოდენობის ტესტების ჩატარების გამო Covid-19–ის რეალური შემთხვევების თაობაზე ცნობები არ გვაქვს“
27/04/2020 16:20:46 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, პანდემია გაქრობისგან ჯერ ძალიან შორსაა.
„იქედან გამომდინარე, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, დაიცვან რეკომენდაციები. შეშფოთებულები ვართ შემთხვევათა ზრდის გამო აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის რიგ ქვეყნებში. ყველა ამ რეგიონში Covid-19–ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევების თაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია არ გვაქვს მცირე რაოდენობის ტესტების ჩატარების გამო. [...] თუკი ჩვენ არ ვიქნებით ერთიანნი ვირუსი ქაოსს შექმნის. ადამიანები დაიღუპებიან. ჩვენ ამ ვირუსს დავამარცხებთ მხოლოდ ერთიანობით ეროვნულ დონეზე და სოლიდარობით გლობალურ დონეზე“, – განაცხადა WHO–ს გენდირექტორმა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 207 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 000–ს გადააჭარბა, 882 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


